გადასვლა ძირითად შინაარსზე
თბილისო
arrow_back უკან
მერია

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერია · 22 აპრილი 2026, 00:00
თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა
თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ ავტოპარკი სრულად განახლდა.

მისი თქმით, ტექნიკის განახლება აღნიშნული სამსახურის გამართული და ეფექტური მუშაობისთვის მნიშვნელოვანია.

„ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ნაბიჯი გადავდგით, რომ ეს მიმართულება მოწოდების სიმაღლეზე იყოს. მთლიანად განახლდა ყველა საჭიროება, რაც აღნიშნულ სამსახურს ეფექტური მუშაობისთვის სჭირდება. ქალაქში გვაქვს სერიოზული გამოწვევები, თუნდაც უკანონო მშენებლობის თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელეთ. „მუნიციპალური ინსპექციის“ სწორი და გამართული მუშაობა პრინციპულად მნიშვნელოვანია. მომდევნო წლებშიც აღნიშნულ მიმართულებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება. მინდა, უწყების თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი ქალაქისთვის ახორციელებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამისთვის მიმდინარე წელს სამი მილიონი ლარი დაიხარჯება.

მისივე თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური საკურორტო ვაუჩერის ღირებულებას წლიდან წლამდე ზრდის, წელს კი 3 600 ვაუჩერს გასცემს.

„თბილისის მერია, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, შშმ პირებისთვის 3 600-მდე ვაუჩერს გასცემს. საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად განკუთვნილი ვაუჩერების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება და შესაბამისად, დასვენების შესაძლებლობა ამ საჭიროების მქონე მეტ შშმ პირს ეძლევა. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური საკურორტო ვაუჩერის ღირებულებას წლიდან წლამდე ზრდიდა. ეს თანხა 2026 წელსაც გაიზარდა და აღნიშნული პროგრამისთვის 2026 წლის ბიუჯეტიდან სამი მილიონი ლარი გამოიყოფა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, საკურორტო ვაუჩერით დასასვენებლად არანაკლებ ექვსი დღე-ღამეა განსაზღვრული. ვაუჩერით მოსარგებლე შშმ პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი, საქართველოს მთისა და ზღვის კურორტზე დასასვენებლად, ადგილს, სასტუმროს და დროს თავად ირჩევს.

„უახლოეს დღეებში, საკურორტო ვაუჩერების დარიგების პროცესი დაიწყება, რაც „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით განხორციელდება. ვაუჩერის მფლობელს, რომელიც კურიერს სახლში არ დახვდება, უკან დაბრუნებული ვაუჩერის აღების საშუალება დედაქალაქის მერიაში ექნება. საკურორტო ვაუჩერის გამოყენების ვადა პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით არის განსაზღვრული. ვაუჩერის მსურველთა მიერ განაცხადის გაკეთება სამი თვის განმავლობაში - 2026 წლის 8 იანვრიდან 8 აპრილის ჩათვლით იყო შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, 2025 წელს დედაქალაქის მერიამ 3 247 საკურორტო ვაუჩერი გასცა.

დედაქალაქის მერმა ყურადღება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტს მიცკევიჩის ქუჩის N4-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიმართა და ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით, შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება ითხოვა.

კახა კალაძის ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ განხორციელდეს აღნიშნული 4-სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე კორპუსი აშენდეს.

„სასიხარულოა, რომ მერიის შესაბამისი პროგრამების ფარგლებში, უკვე ათეულობით პროექტია მიმდინარე პროცესში. ამჯერად, დეველოპერთან ერთად, მოგვმართა მიცკევიჩის ქუჩის N4-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ და ითხოვა ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით, შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება. ეს საცხოვრებელი სახლი, დღეის მდგომარეობით, წარმოადგენს IV ხარისხის დაზიანების მქონე შენობას. კორპუსში ცხოვრობს 20-მდე ოჯახი და მათი მდგომარეობა, შენობის ავარიულობის გამო, დღითიდღე უარესდება.

აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გავცეთ შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებები, რათა განხორციელდეს აღნიშნული 4-სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე კორპუსი აშენდეს, სადაც მესაკუთრეებს გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ მათი კუთვნილი ფართები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, გამოიყენოს შესაძლებლობა და მიიღოს მონაწილეობა აღნიშნული პროგრამების განხორციელებაში.

„არაერთხელ მისაუბრია, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა დედაქალაქში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლებია. მუნიციპალიტეტმა რამდენიმე წლის წინ წარმოადგინა პროგრამა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებმა ადამიანებმა გაიუმჯობესონ პირობები. ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში ვახორციელებთ ავარიული სახლების ჩანაცვლებას ახალი, თანამედროვე, ქართული არქიტექტურის მქონე კორპუსებით. შესაბამისად, მძიმე პირობებში მცხოვრებ ადამიანებს გადაეცემათ გარემონტებული, ყოველმხრივ მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები“, - აღნიშნა მან.

ამასთან, მერის თქმით, „თბილისის განვითარების ფონდი“ ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე.

გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, წელს ამოქმედდა პროგრამა, რომლის ფარგლებში, მუნიციპალიტეტი მზადაა, ისტორიულ არეალებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები ადამიანებისგან გამოსყიდოს ფართები, საბაზრო ღირებულებით.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წელს კიდევ ერთ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის ქუჩის N13-ში, თბილისის N14 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა აშენდება.

მისი თქმით, ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე უკვე გამოცხადებულია და განაცხადების მიღება 11 მაისს დასრულდება.

„ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა, არსებული შენობების რეაბილიტაცია, პატარებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და მათი განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წელს კიდევ ერთ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს დაიწყებს. პროექტი ითვალისწინებს გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის ქუჩის N13-ში, თბილისის N14 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობას. გასულ კვირას გამოცხადდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, განაცხადების მიღება კი დასრულდება 11 მაისს. უახლოეს მომავალში გაფორმდება ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან და დაიწყება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობის მშენებლობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტის თანახმად, ახალი ბაღი რვაჯგუფიანი იქნება და 250-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.

„ბაგა-ბაღის ტერიტორია 3 500-მდე კვადრატული მეტრია, სადაც აშენდება თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შენობა და უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოების ყველა სტანდარტი. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ, რომ ყველა ნივთი აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი. ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 100-მდე ლიფტი განახლდა, წლის ბოლომდე კი დამატებით 600-მდე ამორტიზებული ლიფტი შეკეთდება.

მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში, წინა წელთან შედარებით, ამ მიმართულებით თანხები გაორმაგდა და 31 მლნ ლარია გათვალისწინებული.

„2026 წელს სულ 700-მდე ამორტიზებული ლიფტის განახლება და სრული რეაბილიტაცია მოხდება, ხოლო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისში ყველა ამორტიზებული ლიფტი განახლდება. პირველ კვარტალში უკვე დასრულდა 100-მდე ლიფტის სრული განახლება, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს 54 ლიფტის რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

„გამგეობები განიხილავენ შემოტანილ განცხადებებს და მათ შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან. ამხანაგობის საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და პროექტირების ჩატარების მიზნით, გამგეობა სრულად აფინანსებს სხვადასხვა სამუშაოს, მათ შორის ლიფტების განახლებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
წყარო: თბილისის მერია open_in_new

მეტი